ფელიქს ალბრეხტის ვიზიტი და სამუშაო სემინარები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება ფუნდამენტური კვლევა საგრანტო პროექტის – „მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ქართული თარგმანები (გამოცემა, გამოკვლევა)“ (№ FR-21-3104) – ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორი, გელათის აკადემიის წევრი, ანა ხარანაული. პროექტის მონაწილენი არიან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: თამარ მაგრაქველიძე, ლალი ვაშაყმაძე, ციცინო გულედანი, ნინო გიორგაძე – და თსუ-ს არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნათია ჩანტლაძე.
პროექტით გათვალისწინებულია მცირე წინასწარმეტყველების ძველი ქართული თარგმანების სინოპტიკური და კრიტიკული გამოცემების მომზადება ყველა ხელნაწერის, მათ შორის ლიტურგიკული (ლექციონარები, საწინასწარმეტყველოები), ფრაგმენტული და პალიმფსესტური წყაროების, საფუძველზე. გამოცემასთან ერთად, ცხადია, დაგეგმილია ძველი ქართული თარგმანების ტექსტის ისტორიისა და თარგმანის ტექნიკის შესწავლა, უცხოურ წყაროებთან, ბერძნულსა და სომხურთან, მიმართების დადგენა, ქართული ტექსტის ადგილის განსაზღვრა ბერძნული თარგმანის ისტორიაში და მისი მნიშვნელობის შეფასება.
იმედი გვაქვს, პროექტის შედეგები და გამოცემა საერთაშორისო ბიბლიოლოგთა შესაბამის ყურადღებასაც დაიმსახურებს და ქართული ბიბლიის მიმართ კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ინტერესს და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანი ჩაერთვება თანამედროვე ელექტრონულ და სინოპტიკურ გამოცემებში. ბიბლიის ქართული ტექსტისათვის თანამედროვე ელექტრონული გამოცემებისაკენ გზის გახსნა განსაკუთრებით საშურია იმ ფონზე, რომ სწორედ ახლა მზადდება მრავალენოვანი სინოპტიკური ელექტრონული გამოცემები და ყალიბდება ელექტრონულ-სინოპტიკური გამოცემების მეთოდოლოგია. ვიმედოვნებთ, ქართული სამეცნიერო საზოგადოების ერთობლივი მცდელობით ქართული თარგმანი, რომელიც ბერძნული ბიბლიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, გახდება ამ პროცესის ნაწილი, გასული საუკუნის დასაწყისისაგან განსხვავებით, როცა გიოტინგენის სეპტუაგინტას ფუნდამენტური პროექტი იგეგმებოდა და ქართული უკუგდებულ იქნა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არაერთი ღონისძიება, რომლებიც კვლევის შედეგების საერთაშორისო ასპარეზზე საკონფერენციო მოხსენებებისა თუ უცხოენოვანი პუბლიკაციების სახით წარდგენას გულისხმობს. გარდა ამისა, ბიბლიის ძველი ქართული თარგმანისა და ხელნაწერი კულტურის საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩასართავად გათვალისწინებულია უცხოელი კონსულტანტის, გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის დირექტორის, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და საგამომცემლო კოლეგიის წევრის, არაერთი წიგნისა და კრებულის ავტორისა და გამომცემლის, ფელიქს ალბრეხტის, მონაწილეობაც.
პროექტში მისი უცხოელ კონსულტანტად ჩართვა განპირობებულია არაერთი ფაქტორით. იგი არის მცირე წინასწარმეტყველთა ბერძნული ტექსტის ისტორიის ექსპერტი, ამზადებს რა მცირე წინასწარმეტყველთა გიოტინგენის სეპტუაგინტას განახლებულ გამოცემას. ამასთანავე, აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება უძველესი პალიმფსესტური ხელნაწერების მრავალსპექტრული 3D გადაღებისა და შემდგომი დამუშავების საქმეში, რადგანაც არის არასამთავრობო ორგანიზაციის, SCHRIFT-BILDER (ბერლინი, გერმანია), დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
ამ პროექტის ფარგლებში იგი მოამზადებს პროექტისათვის საჭირო (მცირე წინასწარმეტყველთა ტექსტის შემცველი) ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების დიგიტალურ ასლებს. ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა საცდელი ფოტოგადაღების სახით. 2023 წლის 4-13 ივლისს განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გადაიღეს H-999 და A-844 ხელნაწერთა წინასწარმეტყველთა წიგნების შემცველი პალიმფსესტური გვერდები. გადაღების შედეგების ანალიზი შესაძლებელი გახდება გადაღებული მასალის დიგიტალური დამუშავების შემდეგ. მომდევნო ეტაპზე, საცდელი გადაღების შედეგებიდან გამომდინარე, დიგიტალიზაციის პროცესის დასასრულებლად ფელიქს ალბრეხტი ჩამოიტანს გადამღებ აპარატსა და განათების სისტემას.
გარდა იმისა, რომ ამ ხელნაწერთა დიგიტალიზება ემსახურება პროექტის პირდაპირი მიზნის განხორციელებას და მცირე წინასწარმეტყველთა ქართული თარგმანის ტექსტის გამოცემას ყველა წყაროს, მათ შორის პალიმფსესტების, მიხედვითაც, ასევე, შესაძლებლობას იძლევა სრულიად უსასყიდლოდ გამოიცადოს SCHRIFT-BILDER-ის აპარატი და პალიმფსესტურ ხელნაწერთა დიგიტალიზების მეთოდი და მიღებული გამოცდილება გათვალისწინებულ იქნეს ქართული პალიმფსესტური მემკვიდრეობის შემდგომი დიგიტალიზაციის საქმეში.
ასევე, ამ თანამშრომლობის საფუძველზე გაჩნდება სამომავლო ინსტიტუციური კვლევითი კოოპერაციისა და დიდი საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხორციელების პერსპექტივაც.
ვიზიტის ფარგლებში ფელიქს ალბრეხტმა რამდენიმე მოხსენება წაიკითხა, მათ შორის 12 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – Modern Technologies in Palimpsest Photography (პალიმფსესტების გადაღების თანამედროვე ტექნოლოგიები), რომელშიც ისაუბრა უძველესი ხელნაწერების მრავალსპექტრული 3D გადაღებისა და შემდგომი დამუშავების სხვადასხვა მეთოდზე.