საერთაშორისო სიმპოზუმი - ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, 2022 წლის 27-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტისა და კვლევითი დაწესებულების წარმომადგენლებმა, თსუ-ის პროფესორებმა და სტუდენტებმა. ღონისძიება ებრაელი მხატვარ-ილუსტრატორის ლიკა ტოვის გამოფენითა და მოხსენებით გაიხსნა.

კონფერენცია ერთი თემის ირგვლივ ორი ჰუმანიტარული დარგის - ფილოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის გაერთიანებით მუშაობდა. პარალელურ სესიებზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ძველი აღთქმის ტექსტის ისტორიის, თარგმანის ტექნიკის, ლექსიკის, გრამატიკული სტრუქტურის, მხატვრულ-გამომსახველობითი სახეების, ბიბლიის თარგმანის გზით ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ. ასევე იმის შესახებაც, როგორ იქცა ხალხური ენები ბიბლიის ენებად. როგორ იხატებოდა ახალი და ძველი აღთქმის სიუჟეტები, აპოკრიფული ლიტერატურის პასაჟები, აგიოგრაფიული ნაწარმოების გმირები. როგორ იკვეთებოდა ბიბლიური სიუჟეტები ქვაში, როგორ ამკობდნენ გვიანდელ ბერძნული ლექციონარის ხელნაწერებს. როგორ ხდება ტექსტის ეგზეგეტირება გამოსახულებაში, სად გადის ზღვარი მხატვრის ინტერპრეტაციასა და უცხო ტექსტუალურ წყაროს შორის... ამ და სხვა თემებზე მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა სესიებიდან არაფორმალურ სივრცეშიც მიმდინარეობდა.

კონფერენცია გასვლითი სესიით დასრულდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ ქართული კედლის მხატვრობის, საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშები, კლდეში ნაკვეთი უფლისციხე, არქეოლოგიური ძეგლი გრაკლიანის გორა და მოესმინათ მოკლე ლექციები მათ შესახებ.

სიმპოზიუმის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ ჩვენს ბლოგზე, უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და უნივერსიტეტის პრესის მიერ მომზადებულ სტატიაში.