საერთაშორისო სიმპოზიუმის აბსტრაქტები
ის, რომ ბიბლიის თარგმანი ყველა ერის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისი იყო, ბანალური ჭეშმარიტებაა მაგრამ რა დგას ამ ბანალური ჭეშმარიტების მიღმა კონკრეტულად? რა გავლენა მოახდინა ბიბლიის თარგმანმა ამ თარგმანის მიმღებ ერებზე - მათ ესთეტიკაზე, გამომსახველობით საშუალებებზე: 1. თარგმანის ენაზე - მის გრამატიკულ სტრუქტურებზე, ცნებით სისტემაზე და ლექსიკაზე, მხატვრულ სახეებზე, ლიტერატურულ ჟანრებსა და ფორმებზე; 2. რა გზის გავლა დასჭირდა სხვადასხვა ერის ხელოვნებას ბიბლიის თხრობის შესაბამისი მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი ფორმების ჩამოყალიბებისთვის; როგორ აღიქმებოდა და ყალიბდებოდა ბიბლიური თხრობის შესაბამისი მხატვრული ენა სხვადასხვაგვარი მემკვიდრეობის მტვირთველ გარემოში; შესაბამისად - როგორ ვითარდებოდა ეს მიმართებები ასწლეულების განმავლობაში.
- ბიბლია სიტყვაში
ბიბლიის შემოსვლას სხვადასხვა ერები სხვადასხვა მოცემულობით შეხვდნენ - ზოგი წერილობითი და სახვითი კულტურის მაღალი დონით, ზოგის შემთხვევაში კი ბიბლიის თარგმნა ანბანის შექმნით დაიწყო. სხვადასხვა მოცემულობამ ერები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დააყენა: ზოგი საკუთარ, მრავალგამოცდილ და მაღალგანვითარებულ გამომსახველობით საშუალებებს უნდა შელეოდა, მისი სახე და ხასიათი შეეცვალა, ზოგს კი უნდა შეექმნა იგი. სიმპოზიუმის ის სექცია, რომელიც ბიბლიის ენას ეხება, მიზნად ისახავს სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე განიხილოს ბიბლიის სხვადასხვაენოვანი თარგმანები (ბერძნული სეპტუაგინტა და უმცროსი მთარგმნელების თარგმანები, ძველი ლათინური და იერონიმეს ვულგატა, სირიული, კოპტური, ქართული, სომხური, სლავური...) და გამოკვეთოს სამკუთხედი: ენა (რამდენად ასახავს თარგმანის ენა ორიგინალის მორფოლოგიურ და სინტაქსურ სტრუქტურებს, ცნებებს, ლექსიკას), მთარგმნელი (მისი პრინციპები და სუბიექტური პოტენციალი) და მკითხველი/მსმენელი (რამდენად გასაგები და მისაღები უნდა ყოფილიყო მკითხველისათვის უცხო ცნებებით, მხატვრული სახეებით და გრამატიკული კონსტრუქციებით დატვირთული ენა).
- ბიბლია სახეებში
ბიბლიის შემოსვლა/თარგმნა ახალი, მანამდე არსებულისგან არსობრივად განსხვავებული გამომსახველობითი ენის დამკვიდრების, მის თანდათანობითი ჩამოყალიბებისა და შემდგომი სრულქმნის თანაფარდად და თანაგვარად მიმდინარეობდა. ეს პროცესი არ ყოფილა იოლი, მყისიერი და ერთდაგვარი სხვადასხვა ეპოქისა და წრისთვის. სიმპოზიუმის იმ სექციაზე, რომელზეც ბიბლიის განხატოვნების სახვით მიმართებებზე იქნება მსჯელობა, ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა ეთნოკულტურული წრისთვის დამახასიათებელ მახასიათებლებსა და თავისებურებებზე. აღნიშნული ეხება როგორც სახისმეტყველებით-იკონოგრაფიულ თავისებურებებს, ისე გამომსახველობით გზებსა და საშუალებებს. სამკუთხედის არსებობა ამ შემთხვევაშიც საჩინოა: მხატვრული ენა (რომელშიც, აღმსარებლობის შესაბამის ზოგად მიმართებებთან ერთად, აისახება ამა თუ იმ ეთნოკულტურული წრეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული და ამდენად მუდმივობად ქცეული ადგილობრივი, თვითმყოფადი ტრადიციები), შემომქმედი (გარემოს და ეპოქის მახასიათებლებთან ერთად ინდივიდუალურითაც აღბეჭდილი), მხილველი/აღმქმელი (სხვადასხვა ეთნოკონფესიური და სოციალურ-კულტურული წრის წარმომადგენელი).
იხილეთ სიმპოზიუმის პროგრამა და აბსტრაქტები.