ქართულ-სომხური ფილოლოგია

XX საუკუნის დასაწყისში ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში განისაზღვრა კვლევათა ახალი მიმართულება, რომელსაც “ სომხურ-ქართული ფილოლოგია“ დაერქვა და რომლის მიზანიც იყო ქრისტიანული კავკასიის საერთო პრობლემატიკის დასმა და გადაჭრა. შემდგომში ამას ქართული არმენოლოგიური სკოლის შექმნა მოჰყვა.

სომეხ-ქართველთა ენობრივი, ლიტერატურული, ისტორიულ-პოლიტიკური თუ რელიგიური ურთიერთობების კვლევა  არის ქართული არმენოლოგიის ძირითადი  ინტერესის საგანი. საქართველოში სომხური სამყაროთი, სომხეთის ისტორიითა და სომეხთა კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესება ძველადაც და ახლაც განპირობებული იყო საუკუნეების მანძილზე მჭიდრო თანაცხოვრების შედეგად ჩამოყალიბებული სრულიად განსაკუთრებული კულტურულ-სოციალური გარემოთი:  საერთო გეო-პოლიტიკური და რელიგიური სივრცე, საერთო წმინდანები, საერთო საგვარეულოები, პოლემიკა სარწმუნოების გამო,  ურთიერთობა ძლიერ  მეზობელ სახელმწიფოებთან და სხვა.   

ქართულ-სომხური ფილოლოგია დღეს ისევ დაინტერესებულია კავკასიაში გაჩენილი დამწერლობებისა და მწერლობათა შესწავლით, ბიბლიის ქართული და სომხური თარგმანების ურთიერთმიმართების საკითხებით, ენობრივად გაქართველებულ სომეხთა ლიტერატურული მოღვაწეობით, ძველი სომხური თხზულებების ქართულად თარგმნით.