ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნება
ქრისტიანული აღმოსავლეთი და მისი ხელოვნება სხვადასხვა ეთნოკულტურული, აღმსარებლობითი და მხატვრული ტრადიციების მქონე ქვეყნებს, რეგიონებს, სკოლებს აერთიანებს. განსხვავებული წანამძღვრებისა და რეალიების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მხატვრულ გარემოთა თანაარსებობა და ურთიერთმიმართება საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და ქმნის გამორჩეული მრავლისმომცველობით ნიშანდებულ სურათს, რომლის ფარგლებშიც არსებობს საზოგადოცა და მკაფიო მასახიათებლებით გამორჩეული თვითმყოფადიც. სწორედ ამის გამოა, რომ ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვადასხვა მხატვრული წრისთვის დამახასითებელი ნიშნების გამოკვეთა და მათი შეცნობა შეუძლებელია ქრიასტიანული აღმოსავლეთის ვრცელი არეალის ფარგლებში ისტორიულად ჩამოყალიბებული თანაგვარობისა და სხვაობის, ზოგადად მხატვრული ურთიერთმიმართებების ზოგადი პრინციპებისა და ცალკეული თავისებურებების კვლევისა და შეცნობის გარეშე.
იმპერიათა კიდეში მდებარე საქართველო, მისი ხანგრძლივი ისტორიული გეზის ფარგლებში მუდმივად თავჩენილი სირთულეებისა და წინააღმდეგობების პირობებშიც კი მუდამ რჩებოდა ქრისტიანული აღმოსავლეთის არამარტო განუყოფელ, არამედ ერთ-ერთ არსებით ნაწილად; გარკვეულ ეტაპზე მის მიერ განსაზღვრული ორიენტაცია ბიზანტიისკენ ამ რეალობას კიდევ უფრო მრავალმნიშვნელოვანს ხდის. სწორედ ამიტომ, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთიანი და შეძლებისდაგვარად მომცველი სურათის ჩამოყალიბებისას ერთ-ერთი არსებითია მისი კვლევა ქრისტიანული აღმოსავლეთის მხატვრული კულტურის ფარგლებში.